მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ტერიტორიაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში, საპოლიციო ღონისძიება - „მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს.“ დაკავებულია 2 მოქალაქე.


უწყების განცხადებით, „პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელი უფლებამოსილია, პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“


  • მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მოქალაქეებს ჩანთების გახსნას და დათვალიერებას თხოვენ.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზომები.


ასევე, აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე,“ წერს შსს.


„ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ“ განმარტა, რომ ეს პროცესი მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას ემსახურება:

„პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი.“


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.